კოვიდ19-ის კიდევ 4 მსხვერპლი რუსთავში

2020-12-29 20:27:37

რუსთავში კორონავირუსს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათგან ორი, 57 წლისა და 80 წლის ქალები მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდნენ. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტებს თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ.

ხოლო ორი პაციენტი, 66 წლის ქალი და 70 წლამდე მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში იყვნენ მოთავსებულები. კლინიკის ხელმძღვანელის პაპუნა ბახტაძის თქმით, 66 წლის ქალი ონკოპაციენტი იყო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კორონავირუსმა კიდევ უფრო დაამძიმა. ხოლო 70 წლამდე მამაკაცი დიალეზდამოკიდებული იყო.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, ბოლო 24 საათში რუსთავში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 47-ით გაიზარდა.

კერძოდ, 43 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში, 119 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან 36-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირების 7 შემთხვევა კი, გადამოწმების მიზნით, ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილი "პისიარ" ტესტით გამოვლინდა.

კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტით 11 პირი გამოიკვლიეს, მათგან 4 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები