"ბუნებრივ აირზე გაორმაგებული გადასახადი მოგვივიდა"

2021-01-10 15:57:20

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირზე დარიცხულ გაორმაგებულ, რიგ შემთხვევებში კი გასამმაგებულ გადასახადს აპროტესტებს.

"ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ათობით აბონენტი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ნოემბრის თვესთან შედარებით, დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გაზრდილი გადასახადი მიიღო. რუსთაველები აცხადებენ, რომ მრიცხველის ჩვენება არარეალურია, რადგან გაზს იგივე რაოდენობით მოიხმარენ, რა რაოდენობითაც წინა თვეებში.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ გაზრდილი გადასახადი გამათბობლის გამოყენებას არ უკავშირდება, რადგან გამათბობლების ჩართვა არათუ დეკემბრის თვიდან, არამედ უფრო ადრე დაიწყეს.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელის, გელა წერეთელის თქმით, ტარიფი გაზრდილი არ არის და აბონენტებს იმის ადეკვატური გადასახადი მისდით, რა რაოდენობის ბუნებრივ აირსაც მოიხმარენ.

"რომ აცივდება, გარემო პირობები რომ გამკაცრდება, არ იცით, რომ მეტი დაიწვება გაზი? მრიცხველი რასაც დაწერს, ის ჩვენება მისდით, ჩვენ არც დაკლება შეგვიძლია და არეც მომატება", - განაცხადა გელა წერეთელმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები