რუსთავში მუშა გარდაიცვალა

2020-12-28 21:18:01

რუსთავში საწარმოო ტრავმით მუშა გარდაიცვალა.

59 წლის მამაკაცი საწარმო “ჯეოსთილში” იყო დასაქმებული.

როგორც “ჯეოსთილის” ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერმა დავით ბეჟიტაშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, მამაკაცი არმატურის საწყობში, 6 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

ჩვენთან ქარხანაში მოხდა ეს ინციდენტი, ჩამოვარდა ადამიანი, დაეცა დაბლა და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. პირველადი დახმარება იქ გაუწიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა”, - განაცხადა დავით ბეჟიტაშვილმა.

პაციენტი საწარმოო ტრავმით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შაბათს, 26 დეკემბერს მოათავსეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, მამაკაცი კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს.

პაციენტი შემოიყვანეს საწარმოო ტრავმით. შუახნის მამაკაცი იყო გადმოვარდნილი სიმაღლიდან. ჰქონდა უმძიმესი ტრავმები, თავის ტვინის, გულ-მკერდის ტრავმა, ნეკნების, მალების მოტეხილობით, მკერდის ძვლის, ფილტვების დაზიანებით. მიღებული ღონისძიებების მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა დავით გოგოძემ.

როგორც “ჯეოსთილის” ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, საწარმო გარდაცვლილის ოჯახს 4000 ლარის ოდენობით დაეხმარა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები