2021 წელს სამოგზაუროდ წასასვლელად, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი დაგვჭირდეს – ამის შესახებ ინფორმაციას, CNN ავრცელებს.
როგორც CNN წერს, რამდენიმე კომპანიამ და ტექნოლოგიურმა ჯგუფმა, უკვე დაიწყო სმარტფონებისთვის ისეთი აპლიკაციების შემუშვება, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ატვირთონ თავიანთი სამედიცინო ისტორია, კორონავირუსის ტესტის და ვაქცინის გაკეთების შესახებ დეტალებით, რაც შემდგომ შესაძლოა საზღვრების გადალახვისას, სტადიონზე, კონცერტზე ან ოფისში შესასვლელად დასჭირდეთ.
გარდა ამისა, საერთო ნდობის ქსელმა [Common Trust Network] და მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა უკვე შეთანხმება დადეს ავია–კომპანიებთან, მათ შორის ლუფტჰანზასთან, რომ მგზავრებმა, გამგზავრების წინ, ჯანმრთელობის ისტორია წარმოადგინონ.
"საზღვრის გადაკვეთისას კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ჯერზე შეიძლება, მაგრამ ვაქცინაცია არა" – ასე ხსნის საერთო ნდობის ქსელის წარმომადგენელი ტომას კრამპტონი, ვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის გამგზავრებისას წარმოდგენის აუცილებლობას.
თავის მხრივ, სტენფორდის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ჯული პარსონეტი, ამბობს, რომ მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა საკმარისი არ არის, რადგან ვაქცინის გაკეთების მიუხედავად, შესაძლოა ადამიანი ვირუსის მატარებელი იყოს.