მთავარია, შეზღუდვებმა თავისი შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა. დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე. რაც მთავარია, გაკეთებული ტესტებიდან, ბოლო დღეების დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად არის 13-14 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის სტაბილიზირება აშკარად სახეზეა და ახლა დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„მაქსიმალურად თუ შევეცდებით, დავიცვათ პირბადის ტარების წესი და დისტანცია, იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ. პანდემიამ წელს ბევრი რამ შეცვალა ცხოვრებაში და, ალბათ, სამწუხაროდ, ახალი წლის შეხვედრის ტრადიციაც, მოგვიწევს, რომ ცოტა სხვანაირად შევხვდეთ და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ერთმანეთთან მისვლისგან. იმედია, რომ პანდემიის ბოლო წელი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.