თურქეთში შესვლის წესები იცვლება

2020-12-26 12:13:20

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა უცხოეთიდან შემსვლელთათვის რიგი წესები და პირობები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

ინფორმაცია საქართველოს საელჩომ თურქეთში გაავრცელა.

"2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.
ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.
თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

იმ მოქალაქეებს,  რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში იქნება 2021 წლის 1 მარტამდე",- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.