რუსთავში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების მეორე ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპის ფარგლებში, რუსთავის მერიამ საკვები პროდუქტები 6503 აღსაზრდელზე გასცა.
12 სახის საკვები პროდუქტი, რომელიც აღსაზრდელებისთვის იყო განკუთვნილი და პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, პატარებმა ადგილზე ვერ გამოიყენეს, მათ სახლში უკვე გაეგზავნათ.
პროდუქტების დარიგების პროცესს 27-ე ბაგა-ბაღში ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე კახა გურული და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
"მოხარული ვარ, რომ ყველა ბაღმა შეძლო ძალიან ოპერატიულად, ყველანაირი წესის დაცვით მოეხდინათ 6500-მდე აღსაზრდელზე სასურსათო კალათების გადაცემა. ეს არის გარკვეულწილად წინასაახალწლო მილოცვაც ბავშვებისთვის და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშროომლებს", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ვერ ახერხებენ საბავშვო ბაღებში სიარულს, ჩვენ გარკვეულწილად ვეხმარებით მათ ოჯახებს, რომ პროდუქტები, რაც იყო მათთვის გათვალისწინებული, შეხვდეთ, რაც ძალიან მახარებს", - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
სურსათის გაცემა, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების დაცვით მოხდა. პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შემდეგ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტი უკვე მეორედ გაიცა. დახმარების პირველ ეტაპზე, სურსათი, რუსთავის ბაგა-ბაღების 6513-მა აღსაზრდელმა მიიღო.