მარნეულში 2 მამაკაცი დაჭრეს

2020-12-24 16:23:07

მარნეულში, ცეცხლსასროლი იარაღით 40 და 42 წლის მამაკაცები დაჭრეს.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, დაშავებულები მრავლობითი ჭრილობებით მარნეულის სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორმა ტატა შენგელაიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ ერთი მამაკაცი ვიწრო პროფილური ოპერაციის ჩატარების მიზნით, კლინიკიდან თბილისში გადაიყვანეს, მეორეს კი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა "ჯეო ჰოსპიტალში" ჩაუტარდა.

"ქვემო კიდურებზე აქვთ მიღებული დაზიანებები. თბილისში გადაყვანილი მამაკაცი სტაბილურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ანგიოქირურგის ჩარევა ესაჭიროებოდა. პაციენტს, რომელიც ჩვენთან დარჩა, დაზიანებული აქვს კუნთოვანი ქსოვილი და ძვალი, მას უტარდება ოპერაცია. ორივე შემთხვევაში სასიცოცხლო ფუნქციები იყო ნორმაში და სტაბილური იყო მდგომარეობა", - აცხადებს ტატა შენგელაია.

რა გახდა დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაკრძალვაზე მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები