რუსთავში კოვიდ19-სგან 20 დღის ბავშვი გამოჯანმრთელდა

2020-11-22 19:02:50

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსისგან 20 დღის ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ მარინა აბულაშვილმა განუცხადა.

როგორც აბულაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, ჩვილს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა და ის კლინიკაში მკურნალობის კურსს 5 დღის განმავლობაში გადიოდა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტის შემთხვევაში, ინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრი იყო.

ასევე, მარინა აბულაშვილის განცხადებით, ყველა ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში კოვიდ19-ით მოხვდა, კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა.

ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის კლინიკაში რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილია. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციული განყოფილება არ აქვთ და საჭიროების შემთხვევაში, ბავშვების გადაყვანა თბილისში უნდა მოხდეს, თუმცა, აბულაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

კლინიკაში მკურნალობას ამ დროისთვის 2 კოვიდპაციენტი გადის.

ინფორმაციისთვის, საავადმყოფო 18 წლამდე პაცირნტებს ემსახურება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები