გაიხსნება თუ არა ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები

2020-12-22 13:49:40

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება, სავაჭრო ცენტრები კი ფუნქციონირებას კოვიდრეგულაციების დაცვით განაახლებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;

24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები;

მეტიც, გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე; მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:

მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი;

მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;

ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მომხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ – სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით; ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;

აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;

ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.