ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დაწესებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, რისკები გაზრდილია და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას დამატებითი დრო დასჭირდება.
"გავაგრძელებთ მსჯელობას, იცით, ალბათ, რომ ძალიან დინამიური ვითარებაა პანდემიასთან მიმართებაში, ბრიტანეთში ახალი მუტაციის ვირუსი გაჩნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა დამცავი ზომები მივიღოთ. ზოგადად უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რისკები არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ჩვენ დამატებითი დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად". –თქვა თურნავამ.
ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების ახალი გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 24 დეკემბრიდან უნდა განახლებული, სწორედ ამ დროიდან იგეგმებოდა კომენდანტის საათის დროებით გაუქმებაც.
თურნავას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაშიც, მიღებული იქნება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, არავითარ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, თუ კი ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების."- აცხადებს თურნავა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მაია ცქიტიშვილმაც.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გვაკისრია ეს პასუხისმგებლობა არამხოლოდ ეკონომიკის, არამხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლების, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნის ან დაწესებასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ყოფაზეც და ცხოვრებაზეც, სიცოცხლეზეც აისახება.
ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი სავაჭრო ობიექტები ე.წ. შავი პარასკევის დღეს, როდესაც იყო მოზღვავებული რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ამ სავაჭრო ქსელებში იყვნენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იგივე ვითარება განმეორდეს ამ სავაჭრო ცენტრებში"- განაცხადა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
მთავრობის თავდაპირველი გეგმის თანახმად, საცალო ვაჭრობისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა 24 დეკემბრიდან უნდა აღმდგარიყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა.