რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი იყო.
"გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე. ეპოქაც გაიყოლა…
ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი! ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში... ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო! პანდემიის გამო ვერ მოხერხდა…
ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები, ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით რომ ერთ დღეს აღარ გვეყოლებოდი" -წერს მსახიობი გიორგი გასვიანი.
გოგი ქავთარაძის ბიოგრაფია:
დაიბადა 1940 წლის 2 აპრილს. 1958 წელს დაამთავრა თბილისის ჭავჭავაძის სახელობის 23–ე საშუალო სკოლა. 1958–1963 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი. 1963 წლიდან სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1967 წელს. ამავდროულად იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1963–1969 და 1972–1976 წლებში — რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 — ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 — ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;
1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.