"მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს"

2020-12-18 12:13:31

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას ის ციფრები წარადგინა, რომლებიც დანაშაულთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში დანაშაულის ფაქტები შემცირდა: ყაჩაღობა - 42%-ით, გამოძალვა - 34%-ით, ძარცვა - 25%-ით, ქურდობა -12%-ით, ხოლო მკვლელობის მცდელობა -5% -ით.

გომელაურის თქმით, ოპონენტების მხრიდან გამოთქმული ბრალდებები ქვეყანაში კრიმინალის მატებასთან დაკავშირებით პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული:

„რაც შეეხება 2020 წლის დანაშაულის სტატისტიკას, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით.
რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის:

კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით

ოჯახში ძალადობამ 8,5 პროცენტით

მკვლელობამ 11 პროცენტით იმატა, რაც 7 - ერთეულით მეტია.

იცით რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. ოჯახში ძალადობის მატების ტენდეცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა“, - აღნიშნა გომელაურმა.

უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას მინისტრი იმ კატეგორიის დანაშაულებებსაც შეეხო, რომლებიც ქვეყანაში არსებული კრიმინოგელულ ვითარებაზე ზეგავლენას ახდენენ:

„აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ:

ყაჩაღობა - 42%

გამოძალვა - 34%

ძარცვა - 25%

ქურდობა - 12%

შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები -22%

მკვლელობის მცდელობა -5%

თქვენ გაეცანით ამ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომაროებას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედია საშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას, რომ დანაშაულმა იმატა.

ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია რომ მედია თავისუფალია, ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა მინისტრმა.