რუსთავში სუპერმარკეტი "მადაგონი" შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ობიექტი აკრძალულ სავაჭრო-საბითუმო საქმიანობას ეწეოდა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა პროდუქციის რეალიზებაზეა საუბარი.
"ინფო რუსთავი" კომეტარისთვის კომპანია "მადაგონს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ანა ბედინეიშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, შრომის ინსპექტირებისას მათ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული გარკვეული რეგულაციები სრულფასოვნად შესრულებული არ ჰქონდათ, თუმცა, კომპანიაში აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა სანქციის გამოწერა საახალწლო ნივთების რეალიზაციას უკავშირდებოდეს.
"ჯერ არ ჩაგვბარებია უწყება, დეტალები იქ ეწერება, თუმცა, არ იდგა სუპერმარკეტში ნაგვის ურნები, რომელთაც ეწერებოდა "ნარჩენები" და ასევე, მოლარეებს არ ეკეთათ ფარები. სუპერმარკეტია ჩვენი ობიექტი და რისი გაყიდვის უფლება გვაქვს და რისი არა, ეს არსად არ წერია, ამიტომ უწყებაში ეს ვერ ეწერება, ეწერება ის, რაზეც მოგვედავნენ, თუმცა რეალური მიზეზი, საბოლოო ჯამში, შეიძლება, იყოს საახალწლო პროდუქციის რეალიზება", - განაცხადა ანა ბედინეიშვილმა.