რუსთავის ბიუჯეტი 50 600 000 ლარით განისაზღვრა

2020-12-17 18:48:33

რუსთავის 2021 წლის ბიუჯეტი, პირველ ეტაპზე, 50 600 000 ლარით განისაზღვრა. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს იმსჯელა.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ "ინფო რუსთავთან" აღნიშნა, ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით, ადგილობრივი შემოსავლების ნაწილში გაზრდილია, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი დამატებით 10 000 000 ლარს ელოდებიან.

"2020 წელს პირველად მიღებულ ბიუჯეტთან მიმართებაში, ადგილობრივი შემოსავლების ნაწილში, ამ წლის ბიუჯეტი გაზრდილია. ვინაიდან ჯერჯერობით მთავრობის განკარგულება გამოცემული არაა, ამ დოკუმენტში ასახული არაა ის თანხები, რაც მთავრობიდან მოვა. შარშან მთავრობის განკარგულების გამოცემა დასაწყისშივე მოესწრო.

პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული, სოციალური საკითხები, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებები. უმთავრესი არის განათლება და სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა", - აცხადებს ლევან კავთიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საკრებულომ თავდაპირველად მერიას ბიუჯეტის პროექტი, გარკვეული შენიშვნების გამო, კორექტირებისთვის უკან დაუბრუნა. როგორც სხდომის დასრულების შედეგ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა აღნიშნა, შენიშვნები ეხებოდა ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების პროპორციულად გადანაწილებას, რაც აღმასრულებელი ორგანოს მიერ გათვალისწინებული იქნა.

"თანაბრად არ იყო გადანაწილებული ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც შეეხებოდა ჩვენი შენიშვნა. მინდა გადავუხადო მადლობა აღმასრულებელ ორგანოს, რომ მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული საკრებულოს მოთხოვნები და მეტნაკლებად მოცულია ინფრასტრუქტურული მიმართულებით მთლიანი რუსთავი", - განაცხადა ლევან ონიანმა.

ბიუჯეტის პროექტთან გარკვეული შესწორებები ჰქონდა ოპოზიციას. როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა შატბერაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ეს არ არის რუსთაველების პრობლემებზე მორგებული ბიუჯეტი.

"რეალურად რუსთაველების პრობლემები არც 2021 წლის ბიუჯეტით არ გვარდება. მაგალითად, ვერ გვარდება 100 ლარიანი წამლების პროგრამის გაორმაგება, ასევე, უფასო სასადილოებში დაფინანსების გაზრდა ვერ მოხდა კვების რაციონის შედგენისას, სტუდენტებისთვის შეღავათების გათვალისწინება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილებაზე ვერ მოხდა. ჩვენი დათვლებით ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ მათ არ აქვთ პოლიტიკური ნება ჩვენი ინიციატივები აისახოს რუსთაველების ბიუჯეტში", - განაცხადა ნონა შატბერაშვიილმა.

ოპოზიციის საპასუხოდ ლევან ონიანმა აღნიშნა, რომ: "ამ შენიშვნებზე ისინი აპელირებენ 3 წელია და არ არის დაყრდნობილი არავითარ სტატისტიკაზე. შემოვიდნენ ისინი პროგრამის სახით, სამუშაო ჯგუფი იქნება ეს თუ კომისია იქნება, როგორ შეიძლება კომენტარის სახით წარმოადგინო პროგრამა".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები