როგორი ავტობუსებით იმგზავრებენ რუსთაველები [video]

2020-12-17 17:55:09

M3 კატეგორიის ახალი ავტობუსები, რომელიც უკვე რუსთავშია, 20 ადგილიანია და თუ ჩავთვლით იმ პირებს, რომლებიც ფეხზე დგომით იმგზავრებენ, ჯამში, 50-მდე ადამიანის გადაყვანას შეძლებს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" მაყურებელმა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექსკლუზიურად ნახა, როგორ გამოიყურება თანამედროვე სტანდარტების ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ქალაქში მოძრავ ყვითელ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

10 მეტრიანი, მწვანე ფერის ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომები საგანგებო მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში, ავტობუსებში მოწყობილია ტელეფონის უსადენო კვების ბლოკები, რაც ხშირ შემთხვევაში მგზავრებს გადაადგილებას უადვილებს.

ამ ეტაპზე თურქი ინსტრუქტორების მიერ რუსთაველი მძღოლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების მართვა შეძლონ.

სპეციალურად მოწყობილ, ახლადაშენებულ ავტოსადგომზე, რომელიც გაგარინის ქუჩაზე მდებარეობს, ამ დროისთვის 16 ავტობუსია გაჩერებული, 40-ვე ავტობუსი კი, სავარაუდოდ, რუსთავში იანვრის თვის ბოლომდე შემოვა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეძენილი ავტობუსების საფასურის 85%-ს ქალაქის მერია გადაიხდის, რაც დაახლოებით 6-დან 7 მილიონამდე ლარია.

პროექტი, რომელიც ვროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რუსთავისთვის, გორისთვის, ზუგდიდისთვის, ქუთაისისთვის, თელავისა და ფოთისთვის 175 ერთეული ავტობუსის შეძენას ითვალისწინებდა, რომელიც რეგიონებს ეტაპობრივად გადაეცემა.