ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ცნობით, გუშინ, 16 დეკემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომლის წევრებმაც მანდატებზე უარი თქვეს.
კანონპროექტს ირაკლი კობახიძე "საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართულს" უწოდებს. მისივე განმარტებით, გარდა დაფინანსების შეწყვეტისა, პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროით ვერ ისარგებლებენ.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ამ კანონპროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ სხდომას არ დაესწრებიან.
"საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მყოფი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს". – ამბობს ირაკლი კობახიძე.