დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადაიტანონ და უფრო მოკრძალებულები იყვნენ. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სტაბილიზაცია, რომელიც მიღწეულია, წყალში არ უნდა ჩაიყაროს.
"მიუხედავად სტაბილიზაციისაა, ამ შეზღუდვების ფონზე კლების დინამიკის, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ გთხოვთ, მოსახლეობას ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები! არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხმრავალი წვეულებები. წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული. იმიტომ რომ საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს - პანდემიაა! ხაზს ვუსვამ, არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ მოხდა იგივე რაც „შავ პარასკევს“ იყო. ამიტომ თხოვნაა, წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ", - განცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რადიკალურია შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, თუ „24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით“, მობილობა სერიოზულად გაიზრდება და ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე ავა.
„წინასწარ ვერ გეტყვით 24 დეკემბრიდან რა შეიძლება გაიხსნას და რა შეიძლება არ გაიხსნას, ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა. მე ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური. ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. თუ 24 რიცხვიდან ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ავარდება ინფიცირების მაჩვენებელი 5000-ზე და მეტზე, შემდეგ პროცენტულად იანგარიშეთ რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი შეიძლება დამძიმდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.