ამერიკის ფინანსთა სამინისტროზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ჰაკერთა ჯგუფმა აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსა და ფედერალურ სააგენტოს შორის შიდა მიმოწერაზე წვდომა მოიპოვა. ამერიკული სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჰაკერებმა იგივე ხერხებით კიბერთავდასხმა განახორციელეს სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოზეც.
Reuters-ის ინფორმაციით, არსებობს ეჭვები, რომ ჰაკერთა ჯგუფი რუსეთის სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული.
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად და აღმოსაფხვრელად ჩვენ ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგავთ",- განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ უილიოტმა.
რა მოცულობის ინფორმაციაა მოპარული უცნობია. საქმეზე გამოძიება დაწყებულია და მასში ჩართულია სხვადასხვა ფედერალური სააგენტო, მათ შორის FBI.