„განსაკუთრებით მინდა ჩვენს ექიმებს მადლობა გადავუხადო. ვიცი რა რთულია თქვენვის ეს მსახურება. ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს,”- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
„თქვენს წინაშე ქედს ვიხრით ჩვენო ექიმებო, თქვენი სახით მთლიანად საქართველოს ექიმებს და მთელ მსოფლიოში, მიუხედავად მრწამსისა. თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ და ქრისტიანებმა არ დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა მივხედოთ ადამიანებს და ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს. შიშით ნუ დავკარგავთ, სიფრთხილით უნდა დავიცვათ.
ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ, ასე ცუდად თუ მოვიქეცით სიკვდილიანობაც გვენება. მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს. როცა ერთმანეთს ვჭამთ ამ ტკივილს გვანახებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ერს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, ცალ-ცალკე ვერავინ გაიმარჯვებს, ამიტომ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
„ჩემი დიდი სურვილია ქართველები უფალმა გაგვაერთიანოს. ერთმანეთთან ცხოვრება და სიყვარული უნდა ვისწავლოთ. კორონას კი დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია ერთმანეთი არ დავამარცხოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
რას დავემსგავსეთ ეს კაცობრიობა ?! ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე, სასახლე რომ აუწიონ კაცი არ მიდის, ეშინიათ. შვილები მყავს, ასე ვარ ისე ვარ. ექიმებს შვილები არ ჰყავთ, ექიმებს ცხოვრება არ აქვთ, ექიმებს სიცოცხლე არ აქვთ?! სად არის ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა?! გარდაიცვლება და რაღაც ამოვთხრით ტრაქტორებით, ჩავყრით იქ , ნომერს მივანიჭებთ და ეს არის კაცობა?! ჩვენ ის ერი არ ვართ ომში რომ მივდიოდით, ჩვენზე ძლიერებიც მოდიოდნენ მკლავითაც, ყველაფრით, მაგრამ სულით ძლიერები ყოველთვის ვიყავით! ამიტომ უნდა შევეცადოთ ადამიანობა არ დავკარგოთ.
ჩემ ერს მოვუწოდებთ შევრიგდეთ! თუ არ შევრიგდით არაფერი არ გამოვა, ცალ-ცალკე ვერავინ ვერ გაიმარჯვებს შანსი არ არის. ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით, ყველა გავალთ ამ ქვეყნიდან, არც სკამი შეგვრჩება და არც ეპისკოპოსებად გავალთ, არც ქვეყნის მმართველებად, არც პოზიციად და არც ოპოზიციად, წარვდგებით, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, არავითარი რეგალიები არ გაგვყვება“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.