ნინო ლაცაბიძე მამუკა მდინარაძის მოადგილედ დაინიშნა [video]

2020-12-12 16:53:19

"რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა. მოსახლეობის არჩევანი სწორედ ეს იყო", - ასე პასუხობს "ინფო რუსთავის" კითხვას, შეექმნა თუ არა დისკომფორტი პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ ერთი პარტიის დასწრების გამო, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე.[ვიდეო/video]

როგორც ლაცაბიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია უახლოეს მომავალში გააცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა და საკანონმდებლო ორგანოში შევა.

"დაველოდოთ რა პროცესები განვითარდება მომავალში. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიციაც გააცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს მოსახლეობიდან აღებული, დაუბრუნდება მშვიდობიან პროცესს, პოლიტიკურ პროცესებს შენობაში და არა შენობის მიღმა", - აცხადებს ლაცაბიძე.

მის გეგმებთან დაკავიშრებით პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ: "ჩემი მთავარი ინტერესი დღეს არის ის, რომ როგორც პარლამენტის წევრმა მივიღო მონაწილეობა მთავრობის, ასევე ბიუჯეტის დამტკიცებაში. განსაკუთრებით კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები არ შეფერხდეს და რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ასევე, როგორც რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა უკვე დავიწყო მუშაობა ძირითად გამოწვევებზე".

რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მოადგილედ დაინიშნა. ლაცაბიძესთან ერთად მდინარაძის მოადგილე კიდევ 5 დეპუტატი იქნება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები