მსოფლიომ კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო. ამ კუთხით პირველი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი გახდა.
საინტერესოა გავიგოთ პასუხი კითხვაზე, ადამიანების რომელი კატეგორია ვერ აიცრება კორონავირუსის ვაქცინით?
ამასთან დაკავშირებით „პირველი არხის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ვაქცინით ბავშვები ვერ აიცრებიან.
"ჯერჯერობით, ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელზეც არ არსებობს სათანადო მტკიცებულებითი ბაზა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, ესენი არიან ბავშვები, შესაბამისად, ვერ მიიღებს ეს ასაკობრივი კატეგორია, ვერც ქრონიკული დაავადების თანხლებისას", – თქვა ზახაშვილმა და აღნიშნა, რომ ზოგადად იმუნიზაციისთვის ერთადერთი უკუჩვენება არის მწვავე დაავადების არსებობა.
"ამ დროს ადამიანები არ იცრებიან. Covid-ვაქცინაციისთვის კი, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მონაცემებით, რაც იქნება ვაქცინის დანერგვის მომენტისთვის ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს ზახაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომ მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ერთერთი ვაქცინა საქართველოში იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შემოვიდეს. მისი განმარტებით, ეს შესყიდვა Covax-პლატფორმისგან დამოუკიდებლად მოხდება. საუბარია 200-300 000 დოზაზე.
რაც შეეხება Covax-პლატფორმას, მისგან საქართველო 700 000 ადამიანის სამყოფ ვაქცინას შეიძენს.
NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თავდაპირველად რისკჯგუფებს აცრიან და შემოდგომამდე მოსახლეობის 20-30%-ს მოიცავენ. მანვე აღნიშნა, რომ ე.წ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად 60%-ის აცრაა საჭირო.