17 ათასი დოლარი აშშ-ის ვიზის სანაცვლოდ

2020-12-04 12:53:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ვ.მ. და 1985 წელს დაბადებული ს.ჩ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში დააკავეს. [video/ვიდეო]

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 17 000 აშშ დოლარი, საიდანაც 8 500 აშშ დოლარი წინასწარ, ნაწილ-ნაწილ თავიანთ ანგარიშზე ჩაარიცხვინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.