მოგვარდა თუ არა გარემოვაჭრეების პრობლემა

2020-12-02 18:33:39

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეებმა დახლები ისევ განათავსეს.

ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მათ ნაწილთან თანამშრომლობა მოხერხდა რის შედეგადაც, სავაჭროდ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თუმცა მათ ადგილზე სხვა მოვაჭრეები განთავსდნენ.

"იმ ადგილზე 2 ტიპის გარემოვაჭრეები არიან. ერთი კატეგორიაა, რომელიც სასოფლო-სამეურნო დანიშნულების პროდუქტს ყიდის და არიან მოვაჭრეები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდიან. ჩვენ ერთ კატეგორიას შევთავაზეთ და გამოვუყავით კიდევაც სავაჭრო ადგილი, რამდენიმე მათგანი გადავიდა აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მაგრამ მის მაგივრად იმ ადგილზე სხვები მოვიდნენ. ის მოვაჭრეები, რომლებიც წლების განმავლობაში იდგნენ, ჩანაცვლდნენ. ეს ის მოვაჭრეები არიან, რომლებიც ერთი დღით ჩამოდიან და ყიდიან პროდუქტებს.

ამ კანონსა და შეზღუდვებს აუცილებელია, რომ ყველა დაემორჩილოს. ძველების ადგილას კიდევ ახლები მოვიდნენ, რომლებიც საერთოდ არ იდგნენ და არ ვაჭრობდნენ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება ამის მიმართ იქნება უკვე სანქციები.

ჩვენ შუამავლის ფუნქციას ვასრულებდით, რომ არ ყოფლიყო სანქციები და გათვალისწინებულიყო, სიტუაციიდან გამომდინარე, მათი მდგომარეობა და ამ ადამიანებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა 70% თანამშრომლობაზე ფაქტიურად არ მოდის",- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ირაკლი ტაბაღუამ.

ქალაქის მერია ადგილის ცვლილებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით მოვაჭრეებს სთავაზობდა. ტაბაღუას თქმით, სხვა სახის პროდუქტებით მოვაჭრეები ონლაინ გაყიდვებზე უნდა გადავიდნენ.

სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარების მისაღებად კი მათ შემოსავლების სამსახურში შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვისთვის კომპენსაცია დაენიშნებათ.

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მონიტორინგის დროს გარევაჭრობა აუკრძალა და ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლების გახსნის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.