ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.
"მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული", - თქვა ჯანდაცვის უწყების წამომადგენლებმა.
ცნობისთვის, თბილისში, თამარაშვილის გამზირის ერთ-ერთ კვეთაზე განთავსებული ყვავილების მაღაზიებში დასაქმებულებმა მთავრობის ის რეგულაცია გააპროტესტეს, რომლითაც მათ მუშაობა აკრძალული აქვთ.
28 ნოემბრიდან დაწესებულ რეგულაციას არ ემორჩილებიან რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული გარემოვაჭრეებიც. მათ მესხიშვილის ქუჩაზე აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოთხოვნა ერთია: მიეცეთ მუშაობის გაგრძელების უფლება.