რუსთავში 5 მამაკაცი გარდაიცვალა

2020-11-27 14:43:43

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციით 5 პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტები კლინიკა "რუსთავისა" და რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს კოვიდის მიმღებ ცენტრებში იყვნენ მოთავსებული.

როგორც სამედიცინო დაწესებულებებში "ინფო რუსთავმა" გაარკვია, კოვიდინფექციით გარდაცვლილი 4 პაციენტი რუსთაველია, 1 კი მარნეულის მკვიდრი.

გარდაიცვლილთა შორისაა 60 წლის რუსთაველი მამაკაცი, რომელსაც თანმხლები დაავადებები, კერძოდ, არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტი აღენიშნებოდა. კლინიკა "რუსთავის" ეპიდემიოლოგის, მაია როგავას თქმით, მამაკაცი კოვიდ19-სგან გამოწვეული მწვავე პნევმონიით გარდაიცვალა.

არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა კლინიკაში მოთავსებულ 69 წლის კაცსაც. მაია როგავას განცხადებით, პაციენტს გულზე ჩატარებული ჰქონდა შუნტირების ოპერაცია. ამ შემთხვევაშიც, გარდაცვალების მიზეზად კოვიდ19-სგან გამოწვეული მწვავე პნევმონია სახელდება.

კლინიკა "რუსთავში" გუშინ ღამით ასევე გარდაიცვალა 72 წლის რუსთაველი მამაკაცი, რომელსაც გულის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა. მამაკაცს გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და დაავადებული იყო მოციმციმე არითმიით. მასაც, წინა პაციენტების მსგავსად, კოვიდ19-სგან წარმოქმნილი პნევმონია გაურთულდა.

59 წლის იყო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული მარნეულელი კაცი. ეპიდემიოლოგ მაია როგავას თქმით, მას გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა. პაციენტი, ამ შემთხვევაშიც, მწვავე პნევმონიით გარდაიცვალა, რაც კორონავირუსული ინფექციით იყო გამოწვეული. 

რაც შეეხება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტეს, ეპიდემიოლოგ მაია რაზმაძის განცხადებით, 63 წლის მამაკაცს ჭარბი წონის პრობლემა აღენიშნებოდა. მის შემთხვევაშიც, გარდაცვალების მიზეზი კოვიდ19-ით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები