ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა რუსთავში

2020-11-27 11:23:42

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან უმრავლესობა, ინფიცირების 33 შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილე რუსუდან ადამია აცხადებს, ყველა კოვიდინფიცირებული რუსთაველია. მისივე ინფორმაციით, რუსთაველების დიდ ნაწილს დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და მკურანლობას ბინაზე აგრძელებენ.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონაში. დადასტურებული შემთხვევებიდან 2 სამედიცინო პერსონალია. ეპიდემიოლოგ მაია როგავას განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკის კოვიდის მიმღებ ცენტრში ყველა ადგილი შევსებულია. ჰოსპიტალიზირებულები არიან პაციენტები, რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობა აქვთ.

დიდი ალბათობით, კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ქალაქში დღეს კიდევ გაიზრდება. როგორც სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, მონაცემები დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები