"გადავალთ ბინაზე მომსახურებაზე"

2020-11-23 18:37:35

რუსთავში, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მეპატრონეები მოსალოდნელ შეზღუდვებს ეწინააღმდეგებიან.

"ინფო რუსთავი" რამდენიმე სალონის მეპატრონეს ესაუბრა. როგორც ბიზნესების მფლობელები საინფორმაციო სააგენტოსთან აღნიშნავენ, შეზღუდვა ვირუსის გავრცელების შეჩერებას ვერ გამოიწვევს.

რუსთავში არსებული ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონე ანა შიხიაშვილი აცხადებს, რომ სპეციალისტები კლიენტების სახლის პირობებში მიღებას დაიწყებენ. 

"როგორც ამბობენ, დგას სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების დაკეტვის საკითხი. ჩემი აზრით, ეს სფერო ისედაც ძალიან დაზარალდა მომხმარებლის შემცირების გამო. ახლა დაკეტვით არაფერი არ შეიცვლება, პირიქით, ყველა სპეციალისტი გადავა ბინაზე მომსახურებაზე და უფრო მეტი შანსია ასე გავრცელდეს არა მარტო კოვიდ19, არამედ სხვა უფრო საშიში ინფექციები", - აცხადებს ანა შიხიაშვილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდპანდემიიდან დაწესებული შეზღუდვების მომდევნო ეტაპი სწორედ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებზე გავრცელდება.