"ბოიკოტი შედგა, დიდი მადლობა ამომრჩეველს"

2020-11-22 17:27:17

"ბოიკოტი შედგა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ამორჩეველს, რომელმაც შეაფასა ვითარება და არ მიიღო მონაწილეობა ამ ფარსში", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ენმ-ს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ განუცხადა, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და ამომრჩეველს მოუწოდა არ მისულიყვნენ არჩევნებზე.

როგორც კირკიტაძე აღნიშნავს, მეორე ტურში მას ხმა იმ ადამიანებმა დაუჭირეს, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო უბნებზე იძულების წესით მიიყვანა.

"ზოგი იძულების წესით, ზოგი იმის შიშით მივიდა არჩევნებზე, რომ სამსახური არ დაეკარგა და ამ ფონზეც ქართულმა ოცნებამ რუსთავში მხოლოდდამხოლოდ აიღო 22 000-მდე ხმა თუ არ ვცდები. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი რეიტინგი არის 20%-მდე. ამ ლეგიტიმაციით აპირებენ ქვეყნის მართვას, ვნახოთ როგორ გამოვა.

ბოიკოტი შედგა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ამორჩეველს, რომელმაც შეაფასა ვითარება და არ მიიღო მონაწილეობა ამ ფარსში. მადლობას გადავუხდი იმ ადამიანებსაც, ვინც მიიყვანეს იძულებით და გააკეთა არჩევანი არა ქართული ოცნების სასარგებლოდ, ნაწილმა მე დამიჭირა მხარი, ნაწილმა საერთოდ გადახაზა ბიულეტენი", - აცხადებს დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ, ცესკო-ს მონაცემებით, მეორე ტურში #12 მაჟორიტარულ ოლქში დავით კირკიტაძემ 4012 ხმა - 10.21%, ხოლო ნინო ლაცაბიძემ 35297 ხმა ანუ 89,79% აიღო. აღნიშნულ ოლქში რუსთავთან ერთად გარდაბნის 10 თემი ერთიანდება.

ცნობისთვის, ოპოზიციამ ქვეყნის მასშტაბით ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს. მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა მოუწოდეს ამომრჩევლებს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები