საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. რუსთავში ახლა ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.
საღამოს 20:00 საათის მონაცემებით საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად სულ 25 794 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 24%-ია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ჯერ-ჯერობით საჩივარი არავის დაუწერია.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტურის შესაბამის დროსთან შედარებით დღეს მისული ამომრჩეველთა რაოდენობა 2,3-ჯერ ნაკლებია.
რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 6 სპეცუბანია, სადაც 108 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით მე-12 სამაჟორიტარო ოქლში, რომელშიც რუსთავი და გარდაბნის 10 თემი შედის, მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით კირკიტაძემ მოიპოვეს. თუმცა კირკიტაძე 31 ოტქომბერს ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს და მე-2 ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, შესაბამისად მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა, თავის ამომრჩეველებს კი მოუწოდა, რომ არჩევნებზე არ მისულიყვნენ.