რუსთავის ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტები დარიგდა. პროცესი რუსთავის 22-ვე სააღმზრდელო დაწესებულებაში გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდა.
12 სახის საკვები პროდუქტი, რომელიც აღსაზრდელებისთვის იყო განკუთვნილი და პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, პატარებმა ადგილზე ვერ გამოიყენეს, მათ სახლში უკვე გაეგზავნათ.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არაა, რამდენ ეტაპად განხორციელდება პროდუქტების გაცემა. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია.
"წინასწარ ვერ ვიტყვით, რამდენ ეტაპად განხორციელდება პროდუქტების ბინაზე გაცემა, რადგან ჩვენ არ ვიცით რა ეპიდსიტუაცია გვექნება ქვეყანაში, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და პატარები აქვე მიიღებენ კუთვნილ მენიუს.
თუმცა ის, რომ ამ ეტაპზე რიგდება პროდუქტი, არის ძალიან კარგი ფაქტი. ყველა სააღმზრდელო ფილიალის ყველა პატარა, ვინც ჩარიცხულია ბაღში, ასეთია სულ 6513 აღსაზრდელი, მიიღებს მისთვის განკუთვნილ პოროდუქტს.
ჩვენგან ყველა მშობელთან იყო შეთავაზება ასეთი, რომ წაეღოთ პროდუქტი და ქველმოქმედების სურვილის შემთხვევაში, თავად გაეკეთებინათ ეს. ჯერ შედეგები არ გვაქვს, ვინ უარი თქვა, ვინ წაიღო და თავად გასცა ის, რაც დავარიგეთ", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 9 ნოემბრიდან 25 ჩათვლით საქართველოს შვიდ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც ყველა ბაგა-ბაღი დახურულია.