საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ-სახელმწიფოებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის ინფორმაციას ავრცელებს.
რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვები მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების შესვლაზე, იხილეთ დაწვრილებით:
ავსტრია – შეზღუდულია საქართველოს მოქალაქეების შესვლა. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ ავსტრიის ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას, უფლება აქვთ გამონაკლისი სახით, ტრანზიტული მიზნით ისარგებლონ ავსტრიის აეროპორტებით. ამისათვის მათ თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაცემული კოვიდ ტესტის შედეგი (PCR Test). აგრეთვე, დაიშვებიან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით მიმავალი მგზავრები, თუ ისინი წარადგენენ აქტუალურ PCR-ტესტს და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ შესაბამის ცნობას.
ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.
სპეციალური განკარგულების თანახმად, გამონაკლისის სახით ავსტრიაში შემოსვლა შეუძლიათ ასევე ავსტრიის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ აქტუალური PCR-ტესტი და უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (Studienzulassung).
ხსენებული შეზღუდვები მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
ბელგიის სამეფო – შეზღუდულია შესვლა. საქართველოდან ბელგიაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ბელგიური ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება. სავალდებულო კარანტინი ბელგიაში შემცირდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით და 1 ოქტომბრიდან არის 7 დღე, 14 დღის ნაცვლად. მგზავრმა უნდა შეავსოს აღნიშნული ფორმა წინასწარ: https://travel.info-coronavirus.be/fr/public-health-passenger-locator-form
ბოსნია და ჰერცეგოვინა – დაშვებულია, ტესტის პირობით.
ბულგარეთი – დაშვებულია.
საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ კარანტინის/თვითიზოლაციის გარეშე შესვლა ქვეყნის ტერიტორიაზე, უშუალოდ საქართველოდან ან თურქეთიდან მგზავრობის შემთხვევაში. ასევე, ევროკავშირის/შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლა, ტრანზიტის შემთხვევაში. მესამე ქვეყნებიდან/ის გავლით, მიმავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად, უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი ცნობა. ყველა სხვა ქვეყნიდან, მათ შორის მესამე ქვეყნებიდან, ქვეყანაში შესვლისას, სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული COVID-19 ტესტის სერტიფიკატის წარდგენა (უარყოფითი შედეგით).
გაერთიანებული სამეფო – შეზღუდულია. მოქმედებს 14-დღიანი კარანტინი და თვითიზოლაცია.
ბრიტანეთში ნებისმიერი სახის ტრანსპორტით მიმავალმა პირმა ელექტრონულად უნდა წარადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია, კერძოდ, მისამართი, სადაც გაატარებს 14-დღიანი თვითიზოლაციის პერიოდს.
გერმანია – შეზღუდულია.
9 ნოემბრიდან შეიცვალა რისკის ქვეყნებს მიკუთვნებული ქვეყნებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის წესები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემავალ პირებს. რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან იყვნენ 10 დღე თვითიზოლაციაში კერძო ბინაში ან სასტუმროში. გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის www.einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია. PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. ამდრომდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48-საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ამასთან, გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტი და ა. შ. რეგულირებულია ცალკე ფედერალურ მიწების მთავრობათა მიერ ყოველ მიწაზე ინდივიდუალურად.
ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის.
შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება:
პირებზე, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება;
ევროკავშირის, შენგენის, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და ლიხტენშტეინის მოქალაქეების ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი);
სხვა დანარჩენი პირებისათვის, შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი;
მაღალკვალიფიციური მუშახელი;
სტუდენტები (რიგ შემთხვევაში).
ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:
არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება;
გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;
პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.
ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).
ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.
დანიის სამეფო – შეზღუდულია.
23 ოქტომბერს, დანიის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარი ჩაიკეტა საქართველოს მოქალაქეებისთვის. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში (worthy purpose). ამავდროულად, საზღვარზე უნდა წარადგინონ COVID19-ტესტი, ჩატარებული ბოლო 72 საათში.
ესპანეთი – შეზღუდულია.
ესპანეთის სამეფომ საქართველო ამოიღო ე.წ „მწვანე“ ქვეყნების სიიდან. ცვლილება ძალაში შედის 1 ნოემბრის 00:00 საათიდან.
შეიზღუდა უვიზო რეჟიმის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების შესვლა.
გამონაკლისით სარგებლობენ ქვემოთ მოცემული კატეგორიის მოქალაქეები:
• ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების ან ანდორის ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები რომელიც მიემართებიან საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შემოსვლის უფლებას.
• ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების გრძელვადიანი ვიზის მქონე მოქალაქეები, რომელიც მიემართებიან საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შესვლის უფლებას, შესაბამისად, სტუდენტური და სამუშაო ვიზებიც შედის ამ კატეგორიაში.
მგზავრებმა ესპანეთში შემოსვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე: https://www.spth.gob.es/
ესტონეთი – შეზღუდულია.
ესტონეთში გამგზავრება შეეძლებათ მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების არ მქონე შემდეგი კატეგორიის პირებს:
ტალინში აკრედიტებულ დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;
სამთავრობო დელეგაციების წევრებს, რომლებიც ესტონეთში მიემგზავრებიან ოფიციალური მოწვევის საფუძველზე;
სამუშაო ან სასწავლო მიზნით მიმავალ პირებს (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას);
საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული მისიით მიმავალ პირებს;
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე;
მგზავრთა გადამყვანი და ტვირთების გადამზიდავი საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების პერსონალს და პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და ტექნიკურ გამართვაზე;
პირებს, რომლებსაც ეხებათ კრიტიკული სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
პირებს, რომელთა ესტონეთში შემოსვლა მიზნად ისახავს ესტონეთში მოქმედი კომპანიების ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებას, ტექნიკურ გამართვას ან საგარანტიო მომსახურებას, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელთა შესრულება აუცილებელია კომპანიის ოპერირების უზრუნველსაყოფად;
პირებს, რომლებიც კვეთენ ესტონეთის საზღვარს სამშობლოში დასაბრუნებლად;
პირებს, რომლებიც უშუალოდ ენათესავებიან ესტონეთის მოქალაქეს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს;
სპორტული შეჯიბრებების, ასევე, საჯარო ღონისძიებების მონაწილეებს ან ორგანიზატორებს;
პირებს, რომლებსაც ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურმა, სპეციალური აპლიკაციის საფუძველზე, მიანიჭა ესტონეთში შემოსვლის ნებართვა. (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას; ასეთი ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გათვალისწინებით).
ირლანდია – ამ ეტაპზე, გაიცემა მხოლოდ გრძელვდადიანი და გადაუდებელი (emergency) ვიზა.
ისლანდია – დაშვებულია, ტესტის პირობით.
იტალია – დაშვებულია, 14-დღიანი თვითიზოლაციის პირობით.
ჩასვლისას მგზავრები ავსებენ სპეციალურ ფორმას:
https://www.esteri.it/mae/en/ministero/normativaonline/decreto-iorestoacasa-domande-frequenti/focus-cittadini-italiani-in-rientro-dall-estero-e-cittadini-stranieri-in-italia.html
სასურველია, რომ მოგზაურმა შეავსოს აღნიშნული ფორმა წინასწარ: https://entercroatia.mup.hr/
კვიპროსი – შეზღუდულია. საქართველო კვიპროსმა შეიყვანა C კატეგორიის ქვეყნებში.
შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ:
კვიპროსის მუდმივ მაცხოვრებლებს და სპეციალური ნებართვის მქონე პირებს (მაგ. დიპლომატებს).
კვიპროსში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში სავალდებულოა თვითიზოლაცია, რომლის დასრულებამდე 48 სათით ადრე, ვიზიტორებმა მეორედ უნდა ჩაიტარონ ტესტი, საკუთარი ხარჯებით.
ლატვია – დაშვებულია, თვითიზოლაციის პირობით.
საქართველოს მოქალაქეები 19 სექტემბრიდან ექვემდებარებიან სავალდებულო 10 დღიან თვითიზოლაციას.
ლიეტუვა – შეზღუდულია.
საქართველოდან ლიეტუვაში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ლიეტუვის ეროვნული ვიზა ან ბინადრობის უფლება და/ან ისინი უნდა იყვნენ ლიეტუვის მოქალაქის ან ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის ოჯახის წევრები. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ევალებათ წინასწარ ჩატარებული (ბოლო 72 საათის განმავლობაში) კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ლიეტუვის საზღვარზე;
საქართველოდან შემოსულ ყველა პირს - საქართველოს მოქალაქეთა ჩათვლით - ლიეტუვაში შემოსვლის შემდეგ, 2 კვირა თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ.
ლუქსემბურგი – დაშვებულია.
გაიხსნა საზღვარი ევროკავშირის საბჭოს მიერ აღიარებულ ყველა ქვეყანისთვის უპირობოდ.
ნიდერლანდები – შეზღუდულია.
გამონაკლისის სახით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესვლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს/საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, რომელიც:
სხვა გამონაკლისები და დეტალები მოცემულია: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/212
ნორვეგია – შეზღუდულია, თუმცა გამონაკლისები ეხება შემდეგ კატეგორიებს:
ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, ოჯახის წევრის, პარტნიორის/შეყვარებულის მოსანახულებლად მიმავალ პირებს; სტუდენტებს.
ე.წ. „მესამე ქვეყნებიდან“ დაიშვებიან ნორვეგიაში ოჯახის ან მყარი პარტნიორული კავშირის მქონე (მინიმუმ 9 თვის ურთიერთობა) პირები.
პოლონეთი – შეიზღუდა, დაშვებულია მხოლოდ გარკვეული კატეგორიები. ტურისტული მგზავრობა არ არის დაშვებული.
პოლონეთის რესპუბლიკაში შემოსვლა შეუძლიათ:
1. პოლონეთის მოქალაქეებს;
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან (მეუღლე, შვილი);
3. პოლონეთის ბარათის (ე.წ. Karta Polaka) მფლობელებს;
4. დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;
5. პოლონეთის ტერიტორიაზე დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
6. დასაქმების ნებართვის მქონე (სეზონური სამუშაო ნებართვა, დამსაქმებლის დეკლარაცია უცხოელის დასაქმებაზე, ან სამუშაო ნებართვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან პოლონეთის ტერიტორიაზე, ან საზღვარზე წარადგენენ სამუშაოს დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტებს;
7. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებსაც ხალხი გადაჰყავს, ან ტვირთი გადააქვთ;
8. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
9. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირებს;
10. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, ევროპული ეკონომიკური ზონის შეთანხმების მხარის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი)
11. ევროკავშირის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი), რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები:
აიკრძალა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. პირდაპირი ჩარტერული რეისით ჩამოსული მგზავრები ექვემდებარებიან 10-დღიან თვითიზოლაციას. საზღვრის კვეთისას მოქალაქე ვალდებულია მიუთითოს მისამართი, სადაც გაივლის თვითიზოლაციას/კარანტინს.
10-დღიან თვითიზოლაციას არ ექვემდებარებიან:
1. პოლონეთის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
2. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის და დოქტორანტის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
3. პოლონეთის და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები;
4. დიპლომატიური მისიების წევრები და მათი ოჯახის წევრები;
5. ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები;
6. ე.წ. ტრანზიტული მგზავრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომლებიც პოლონეთის გავლით მიემგზავრებიან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში.
პორტუგალია – შეიზღუდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა.
შეზღუდვა არ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც პორტუგალიაში მიემგზავრებიან სასწავლებლად, სამუშაოდ ან ოფიციალური ვიზიტით. ასევე, პორტუგალიის ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს და ტრანზიტულ მგზავრებს.
პორტუგალიაში შემოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის შედეგები.
რუმინეთი – დაშვებულია თვითიზოლაციის პირობით.
7 ოქტომბრიდან, რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომიტეტის მიერ დამტკიცებული მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეყნების განახლებულ სიაში (სიაში არის საქართველოც) არსებული ქვეყნების მოქალაქეები, რუმინეთში შემოსვლისას, დაექვემდებარებიან 14 დღიან კარანტინს.
გასათვალისწინებელია, რომ მგზავრები, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნას გეგმავენ არა უმეტეს 3 დღისა (72სთ.), გათავისუფლდებიან კარანტინის/ თვითიზოლაციის ვალდებულებისგან, თუ წარმოადგენენ უკანასკნელ 48 საათში გაცემულ სამედიცინო ცნობას ვირუსის არქონის შესახებ. კარანტინიდან /თვითიზოლაციიდან გასვლა შესაძლებელი იქნება მე-10 დღეს, თუკი მე-8 დღეს გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება.
ბუქარესტში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები გათავისუფლდებიან კარანტინიდან, თუ მათ არ აღენიშნებათ კოვიდ 19-ის სიმპტომები. ფრენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან/ რეგიონებიდან, რომლებიც მითითებულია ჩამონათვალში, კვლავ აგრძელებენ ოპერირებას.
საბერძნეთი – შეზღუდულია. 26 ოქტომბრიდან შეიზღუდა საქართველოს მოქალაქეების შესვლა, გარდა:
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მეუღლეები და 18 წლამდე არასრულწლოვანი შვილები;
პირები რომლებიც მოემგზავრებიან გადაუდებელი საჭიროების გამო როგორიცაა, ჯანმრთელობის მდგომაროება, ოჯახური მდგომაროება, საქმიანი ვიზიტი, ის პირები ვინც საჭიროებს საერთაშორისო დაცვას;
სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ჯანდაცვის სფეროს მკვლევარები იმ შემთხვევაში თუ შემოსვლისას დაასაბუთებენ ვიზიტის მიზნობრიობას და საჭიროებას;
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
სამთავრობო დელეგაციის წევრები;
დიპლომატიური თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლები;
სატრანსპორტო სფეროს თანამშრომლები, მათ შორის მეზღვაურები, საჰაერო ხომალდების თანამშრომლები, სატვირთო ტრანსპორტის მძღოლები;
ტრანზიტული მგზავრები;
სტუდენტები;
მოხუცი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომვლელები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
სასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებული სეზონური მუშები. (ასეთ პირები ვალდებულები არიან წარადგინონ დოკუმენტები, რომ გავლილი აქვთ სამედიცინო ლაბორატორიული გამოკვლევები);
მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები რომლებიც ვერ ხვდებიან ვერცერთ ზემოთჩამოთვლილი კატეგორიაში აქვთ უფლება მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საბერძნეთის საკონსულო სამსახურებს და მათი პერსონალური ან ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დასაბუთებულად მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება.
გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ელ. ფორმის შევსება https://travel.gov.gr/#/
საფრანგეთი – შეზღუდულია.
ამ ეტაპისთვის საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები შედიან შეზღუდვების გარეშე, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს საყოველთაო კარანტინი.
სლოვაკეთი – დაშვებულია, მხოლოდ გარკვეული კატეგორიისათვის.
სლოვენია – შეზღუდულია.
სლოვენიამ საქართველო შეიყვანა ე.წ. „წითელ სიაში“, რაც გულისხმობს 14 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას. თუ მოქალაქე სლოვენიის საზღვარზე წარმოადგენს ევროკავშირის ან შენგენის ტერიტორიაზე აღებულ კოვიდ-19 უარყოფით ტესტს, რომელიც აღებულია არა უგვიანეს 48 საათისა, მაშინ არ არის აუცილებელი თვით-იზოლაცია.
უნგრეთი – შეზღუდულია. უცხოეთის მოქალაქეებს (Non-Hungarian nationals) - ეკრძალებათ უნგრეთში შემოსვლა.
ფინეთი – შეზღუდულია.
შვედეთი – შეზღუდულია, საქართველო ამოღებულია „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან. შვედეთი 2 ნოემბრიდან შეზღუდავს საქართველოდან მომავალი მგზავრების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას.
შვეიცარია – 3 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესდა შვეიცარიაში შესვლის შეზღუდვები. საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, კვლავ შეყვანილი იქნა მაღალი რისკის ქვეყნების სიაში.
ჩეხეთი – შეზღუდულია.
ევროკავშირის წვერი ქვეყნების მოქალაქეები და ბინადრობის მქონე პირები შედიან ჩეხეთში შესაბამისი რეგულაციების დაცვით.
საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთში შესვლის უფლება აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფლობს ბინადრობის ნებართვას, ან გრძელვადიან ვიზას. შესვლისას საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის პასუხი.
ხორვატია – დაშვებულია, თვითიზოლაციის ან PCR ტესტის პირობით.
ყველა მგზავრისათვის რეკომენდირებულია განაცხადის შევსება შემდეგ ვებ-გვერდზე: https://entercroatia.mup.hr/