საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში გაიმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.
პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“, №36 - „გირჩი“, №41- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1914 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 81 სპეციალური უბანი.