დიახ, არის განგაშის სიგნალი, რომ იტალიას გადავასწარით ინფიცირებულთა რაოდენობით, მაგრამ რაღაც ცოტა დადებითიც ხომ უნდა ითქვას, იტალიასთან შედარებით ჩვენთან სიკვდილობის პროცენტი არის 5-ჯერ ნაკლები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, "ლოქდაუნისგან" ჯერ შორს ვართ.
„მინდა მაინც ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ - კი შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რასაც აქვს თავისი მიზეზები. ყველა ქვეყანა ერიდება სრული „ლოქდაუნის“ შემოღებას და ჩვენც ვახორციელებთ წერტილოვანს - შედარებაც არ არის ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ახორციელებს სრულ ან სრულთან მიახლოებულ „ლოქდაუნს“. რომ გადახედეთ რუკას, სადაც წითელი ფერით აღნიშნულია ქვეყნები, ვისაც აქვს სრული „ლოქდაუნი“, ვარდისფერით, რომელსაც აქვს ნაწილობრივი და შეუფერადებელი, რომელსაც თითქმის არ აქვს, ჩვენ იმ შეუფერადებელ ქვეყნებში გავდივართ, ხოლო მთელი ევროპა გადაწითლებული ან გადავარდისფერებულია. სიმკაცრე გაცილებით მეტია ევროპის ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან, ამას აქვს თავისი მიზეზი, ის რომ ქვეყანამ გაითვალისწინა საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა „ლოქდაუნი“, გაითვალისწინა პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო პერიოდია, რაც სხვებს არ ჰქონდათ, ან თუ ჰქონდათ, მათ გადადეს არჩევნები, 70-ზე მეტმა ქვეყანამ გადადო არჩევნები, ჩვენ არ გადავდეთ და ეს დასაფასებელია. ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც "ლოქდაუნი" არ უნდა, არის წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც გაიზრდება, მაგრამ ჯერ "ლოქდაუნამდე" ძალიან შორის არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ქვეყანაში სრული „ლოქდაუნის“ შემოღება არ განიხილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციითაც.
როგორც მან ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიად ისევ რჩება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.
,,ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი „ლოქდაუნი“, როდესაც ღამით აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება. სრული „ლოქდაუნი“ რამდენიმეჯერ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ეს შემოდგომის ტალღაზე არ გამოუყენებია. მაინც არის სტრატეგია ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების და ამას ვირჩევთ ეპიდსიტუაციის მიხედვით. რამდენიმე ქვეყანამ მიმართა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, თუმცა ჩვენ არც ჰოლანდია ვართ, არც ბელგია და არც საფრანგეთი. ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში და ამავე დროს, რეგიონში იყო სერიოზული ომი. ნაწილობრივი ,,ლოქდაუნი“ და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში უკვე არის, რომელიც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება კიდევ გაფართოვდეს, თუმცა სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო შეზღუდვებზე, თუმცა ამის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომამდე ვერ ისაუბრებს.
„ხშირად იყო კრიტიკა, რომ რა, კორონა 22:00 საათის შემდეგ იძინებს და დილის 05:00 საათის შემდეგ იღვიძებს?! არა, ბატონებო, ეს ყველაფერი დამყარებულია სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ სწორედ ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს, მათ შორის ის შეზღუდვები, რაც დაწესდა ბაღებთან, დისტანციურ სწავლებებთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ ასევე დღეს, მინისტრთან ვიმსჯელეთ კიდევ სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, თუმცა ამას დღეს არ გავამჟღავნებ, ვიდრე ეს არ განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე, ვინაიდან იყოს ბალანსი. ერთის მხრივ, არის შეზღუდვები ოღონდ გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან სერიოზულად არ იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მეორეს მხრივ- ჯანდაცვის სიტემის და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა, რომ ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ამ დიდ გამოწვევას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი გამოირჩევა ევროპის რეგიონში, სადაც ჩვენ შევდივართ. სამწუხაროდ, ევროპის რეგიონში კოვიდპანდემიის სწრაფი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.