მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა რომ თავდასხმის დროს გაფრთხილება არ ხდება.
"თუ რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, რომლებიც ცესკო-ს შენობაში ცდილობდნენ შეჭრას. ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ, ამ ღობეზე ფეხით დახტოდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს, მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. დავუშვათ, როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. როდესაც უშუალოდ ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს ქმნის, რომ რომელიმე შენობაში, სტრატეგიულ ობიექტში ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში, არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერ ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც იმგვარად, როგორც ეს მოხდა. როდესაც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები და ვნახეთ, რაშიც იყო საქმე, სხვა გზა ფიზიკურად ვერ ექნებოდა პოლიციას, რომ არა, ასევე მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება", - მამუკა მდინარაძე.
ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა რომ - "მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან.
როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტენები. დამატებით, სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს თუ არ ვცდები ათამდე უბანზე გადათვლა. ჯერჯერობით ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა, ხაზს ვუსვამ, რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არა თუ გაყალბების რაიმე ფაქტი."