ქართული ოცნება ნიკა მელიას პასუხობს

2020-11-08 21:13:58

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება.

"რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს, და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე. მე და არჩილ თალაკვაძეს დაგვიკავშირდა ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი. კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა ჩვენ დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ასევე განგვიმარტა შეხვედრის სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს, ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მატ პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივა დღეს ბუნებრივია არავითარი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია არის ტყუილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.