"ივანიშვილს 8 საათამდე აქვს დრო, წამზომი ჩართულია"

2020-11-08 16:54:17

"ვითხოვთ ხელახალ და თავისუფალ არჩევნებს.

უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით.

ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული"- ეს არის იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას წაუყენა.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას.

ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია გაიზიარა სრულიად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა ცესკოგაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა.

ჩვენ, აქ შეკრებილი ადამიანები, ვითხოვთ, პირველი ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არჩევნები ვერ იქნება მიახლოებული თავისუფალთან, თუ არ შესრულდება მეორე მოთხოვნა, თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით და ბოლოს, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს გამოშვებული.

წამზომი ჩართულია და ივანიშვილს დრო აქვს 8 საათამდე, რომ გამოვიდეს და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ელაპარაკოს ხალხს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს, წავა თავისით თუ მაინც მოუწევს წასვლა, იმიტომ, რომ ამ ძალას ვერავინ დაუპირისპირდება",- განაცხადა აქციაზე ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გაჟღერებისას ელენე ხოშტარიამ.

"ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდებიან არცერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?! თუ გუშინ ოპოზიცია შემოხაზე, დღეს აიღე და ენდე მათ ლიდერებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საპროტესტო აქციას სახლებიდან და ტელევიზორებიდან აკვირდებიან. მისი შეფასებით, ოპოზიცია ისეთი ერთიანი და კონსოლიდირებულია დღეს, როგორც არასდროს.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც მიმართა.

"ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც „ოცნებას“, არც რუსეთს, გაუმარჯოს ნაღდ, გულანთებულ საქართველოს. „დღეს კიდევ აქტუალურია მთავარი საკითხი - ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? - აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის დავუთმობთ! არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის!“- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საერთო საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მას არალეგიტიმურად ცნობენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები