აქცია დავით კირკიტაძის ოფისთან

2020-11-07 14:36:57

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა დავით კირკიტაძის პარლამნეტში შესვლის მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" რუსთავის ორგანიზაციის ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სამოქალაქო აქტვისტისა და აქციის ორგანიზატორის, გივი შანიძის განცხადებით, კირკიტაძისთვის მხარი  რუსთაველი ამომრჩევლების მესამედსაც არ დაუჭერია, თუმცა, რადგანაც მან პროპორციული სიით საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, უნდა შევიდეს პარლამენტში და შეასრულოს ის, რასაც რუსთაველებს მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ჰპირდებოდა.

"ბატონი დავითისთვის რუსთაველი ამომრჩევლების მესამედსაც კი არ დაუჭერია მხარი, მაგრამ პარტიული სიით, შეუძლია რომ შევიდეს პარლამენტში. ჩვენთვის, რიგითი რუსთაველებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი კანონის მიღება. მე პირადად, ბატონ დავითს ვუყურებ როგორც ერთ ხმას, რომელიც შევა და გარემოსდაცვით კანონს დაუჭერს მხარს, ის კიდევ რას აკეთებს, პარლამენტში შუძლია შესვლა და არ შედის, შესაბამისად ამ კანონსაც არ დაუჭერს მხარს ხო, არადა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, პარლამენტში თუ შევიდოდა, აუცილებლად დაუჭერდა მხარს, ჩვენ სიმბოლურად მოვიტანეთ აქ "ტყუილების გუდა", - განაცხადა შანიძემ.

აქტივისტებმა ასევე გააპროტესტეს კირკიტაძის განცხადება რუსთავში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ არჩევნები #12 მაჟორიტარულ ოლქში დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების თქმით, მაჟორიტარული ბიულეტენები, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი, საარჩევნო უბნებზე ენმ-ს წარმომადგენლებს სადავოდ არ გაუხდიათ.

აქტივისტებმა კირკიტაძის ოფისთან მიიტანეს ტომრები, სადაც აქტივისტების თქმით, სიმბოლურად გაბათილებული ბიულეტენები იყო ჩაყრილი. ტომრებზე გაკრული იყო წარწერები: "გაბათილებული ბიულეტენების გუდა", "წართმეული ქონების გუდა", "ტყუილების გუდა".

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარტიამ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში არაერთი საჩივარი შეიტანა და 52 უბანზე ხმების გადათვლა მოითხოვა. როგორც კირკიტაძემ განმარტა, აღნიშნულ უბნებზე განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ბიულეტენები იყო ბათილად ცნობილი და გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ოქმებში დისბალანსს. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ცინიკურია ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები საერთოდ არ განიხილა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები