საბერძნეთში საყოველთაო კარანტინი წესდება

2020-11-05 18:32:36

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ახალი შეზღუდვების თანახმად, საბერძნეთში საცალო ვაჭრობის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, დაიხურება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები ღია დარჩება, მაგრამ საშუალო სკოლები დაიხურება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ახალი შეზღუდვები ძალაში სამი კვირის განმავლობაში იქნება.

„მე ვამჯობინე მკაცრი ზომების დაწესება უფრო ადრე, ვიდრე დაგვიანებით“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

საბერძნეთში, ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 2 646 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. პანდემიის დაწყების დროიდან კი საბერძნეთში ინფიცირების 46 892 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 673 ადამიანი დაღუპულია.