საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს სიმბოლური საჩუქრები - მეორე კლასის მათემატიკის წიგნი, საანგარიშო, გამრავლების ტაბულა და შუბლის ძარღვის იმპლანტი მოუტანეს.
აქტივისტების თქმით, ჟვანიას დასაჩუქრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ჯილდო ეკუთვნის.
"როგორც იცით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნისო. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ თამარ ჟვანიას „დაჯილდოება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის. ეს არის დაჯილდოების ცერემონია", - აცხადებენ "სირცხვილიას" წევრები.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას „ჯილდო ეკუთვნის” იმ შეურაცხყოფის მოთმენისთვის, რაც არჩევნების პერიოდში მისი მისამართით ისმის და ისმოდა.