ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისის აეროპორტიდან დეკემბრის მეორე ნახევრამდე ყველა ფრენა გააუქმა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო მიიღო.
"ავიაგადამზიდველი დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით, ასევე, ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ, ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება" - აცხადებს ავიაციის სააგენტო.
ამავე შეზღუდვების გამო, 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, თუმცა ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.
ცვლილებებია ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენის განრიგშიც. ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები.
"გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ კვლავ წესდება სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს და ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს" - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.