ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური პროცესი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე აისახება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება ქუჩებში და პირდაპირ აისახება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე და როგორც ჩანს, გვექნება სწრაფი ზრდა. თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიზარა, რომ პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება, ეს მოგვიტანს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას. ჩვენ არასდროს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, არასდროს შეგვიზღუდავს საარჩევნო პროცესი და კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში არის არჩევნები. ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე გველოდება მეორე ტური და მნიშვნელოვანია, რომ ეს საარჩევნო პროცესი ჩავატაროთ, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ეს საარჩევნო პროცესი ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. ამას გარდა, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ყველა აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა, როდესაც გამოხატავენ თავის პროტესტს, აზრს, ეს უნდა მოხდეს რეგულაციების დაცვით. საჭიროა მხოლოდ პირბადის კეთება, დისტანციის დაცვა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ აქციები კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაცვით ჩაატარონ.
„პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა იმაში, რომ მათ უზრუნველყონ აქციების ისეთი სახით ჩატარება, რომ ყველა აქტივისტი და მხარდამჭერი პირბადით იყოს უზრუნველყოფილი. რაღაც განსაკუთრებულ წესებზე არ ვსაუბრობთ, იმაზე ვსაუბრობთ, რომ თუ ჩვენ გვინდა აქციის ჩატარება, ჩავატაროთ ეს აქცია პირბადით და წესების დაცვით. პირველ რიგში პოლიტიკური ლიდერები უნდა აძლევდნენ მაგალითს საკუთარ ამომრჩევლებს, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მხარდამჭერებისთვის პირბადეების დარიგება და ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.