"თანხა სახლიდან მოგვაქვს"

2020-11-04 14:55:14

რუსთავში არსებული რესტორნები და კაფე-ბარები დახურვის ზღვარზეა. სამსახურის გარეშე რჩება რამდენიმე ათეული ადამიანი.

"ინფო რუსთავი" რუსთავში არსებული თითქმის ყველა რესტორნისა და კაფე-ბარის მენეჯერს ესაუბრა და გაარკვია, რომ პანდემიის ფონზე ისედაც ზარალზე მომუშავე ბიზნესები, კიდევ ერთი შეზღუდვის გამო, სრულიად ახალი რელობის წინაშე დადგნენ.

"სახლიდან მოგვაქვს ფული", - ასე აფასებს სარესტორნო ბიზნესისთვის შექმნილ სამუშაო პირობებს რესტორან "ლაზიკას" მენეჯერი გიორგი ლომიძე და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ობიექტს ფუნქციონირების შეჩერება მოუწევს.

"ქორწილები რაც აიკრძალა, 17 ქორწილი გადავდეთ და ეს ჩვენთვის ტრაგედია იყო, მაგრამ რადგან კიდევ დაემატა შეზღუდვა, რესტორანი დაკეტვის პირასაა მისული. რეალიზაცია აღარ ხდება საერთოდ პროდუქციის და თვითგადარჩენის რეჟიმზეც კი ვეღარ ვმუშაობთ. ძალიან დიდ მინუსებში ვართ გადასული. შესაძლოა რესტორანმა განიცადოს მუტაცია და დაიკეტოს, თანხების მოძიებაც ძალიან რთულია უკვე. ბევრი თანამშრომელი უმუშევარი რჩება რესტორნის, მათ შორის მეც", - განაცხადა "ლაზიკას" მენეჯრემა გიორგი ლომიძემ.

ობიეტის სრულად დახურვას არ გამორიცხავენ რესტორან "სამეფოშიც".

"სტუმრების ოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ჩვენ ძირითადი მუშაობა მაგ დროს გვაქვს, ხალხი საღამოს შემოდის. არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ დავკეტოთ ობიექტი იმიტომ, რომ შეუძლებელია ასეთ გარემოში და პირობებში მუშაობა. დასაქმებული ბევრი გვყავს, ხარჯი დიდია, ამიტომ ზარალზე მოგვიწევს მუშაობა", - განაცხადა მენეჯერმა ლევან ნანუაშვილმა.

რაც შეეხება რესტორან "სენატს", რესტორნის მენეჯერის, ანი ცერცვაძის თქმით, ობიექტი ამ პირობებში ფუნქციონირების გაგრძელებას მაქსიმუმ 1 კვირა შეძლებს.

"უნდა დავკეტოთ რესტორანი იმიტომ, რომ მიწასთან დასცა ამ მთავრობამ ყველაფერი. ერთ ლარს რომ ვერ ივაჭრებ რა უნდა გადაიხადო. სანამ შემოგვრჩა ფული გადავუხდით თანამშრომლებს იმიტომ, რომ გვეცოდებიან", - აცხადებს ანი ცერცვაძე.

კრიზისზე საუბრობენ რესტორან "მადაგონშიც", თუმცა ობიექტის ფუნქციონირების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მირებული არაა.

"ეს კვირა შევხედავთ და თუ საერთოდ ვაჭრობა არ იქნება, შესაბამის ზომებს მივიღებთ", - აცხადებს მენეჯერი ლევან ნანუაშვილი.

რაც შეეხება რუსთავში არსებულ კაფე-ბარებს. ჯერჯერობით ობიექტების სრულად დახურვასთან დაკავშირებით კაფე-ბარებში არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვა ბიზნესს მნიშვნელოვან ზარალს მოუტანს.

"ყველა ინფორმაცია, რაც ჟღერდება შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ცხადია მოქმედებს კვების ობიექტებზე, თუმცა ამ შეზღუდვაზე შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადი დატვირთვა 10 საათამდე გვაქვს ხოლმე. ბოლო წუთამდე, სანამ კანონი საშუალებას მოგვცემს, ვიქნებით ღია ყველა ინსტრუქციის დაცვით. დახურვას არ ვაპირებთ", - აცხადებს "სკაუტ გარდენის" მენეჯერი მარიამ ღვინიაშვილი.

"ღამის 12 საათამდე იმუშავებს ჩვეულებრივ გატანის სერვისი, 10-მდე კი მივიღებთ სტუმრებს, ამიტომ არ მგონია დაკეტვის საშიშროება გველოდებოდეს", - განაცხადა "ვალჰალას" მენეჯერმა დავით რობაქიძემ.

"რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი, თუმცა ჯერჯერობით სტაბილურ სიტუაციას ვინარჩუნებთ და დაკეტვაზე არ ვფიქრობთ", - აცხადებს "კაფუნეს" მენეჯერმა ლუკა გახოკიძემ. 

"ჯერჯერობით დახურვის საშიშროების წინაშე არ ვდგავართ, თუმცა ლაუნჯია, ძირითადი დატვირთვა ღამის საათებზე მოდის და ცხადია, ნეგატიურ გავლენას იქონიებს", - აცხადებენ "ფრენდსში.

შეგახსენებთ, 3 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, რესტორნების მუშაობა მხოლოდ 22:00 საათამდე გახდა ნებადართული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები