სხვაობა ენმ-სა და დავით კირკიტაძის ხმებს შორის

2020-11-03 16:30:48

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, #12 რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატს დავით კირკიტაძეს იმაზე მეტი ხმა მისცეს, ვიდრე თავად პარტიას.

შედეგების მიხედვით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსთავში 22 894 ხმა, ანუ 29,99 % მიიღო, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ კი 24 448 ხმა, ანუ 32,55% მოიპოვა.

ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ რუსთავსა და გარდაბანში 1 554-მა ამომრჩეველმა 2 სხვადასხვა ბიულეტენზე არაერთგვაროვანი არჩევანი გააკეთა. ანუ, მაჟორიტარულში 5 ნომერი შემოხაზა და ხმა დავით კირკიტაძეს მისცა, თუმცა პროპორციულში პარტია ენმ-ს მხარი აღარ დაუჭირა.

შეგახსენებთ, #12 მაჟორიტარულ ოლქში საკმარისი ხმების დაგროვება ვერცერთმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვერ შეძლო, ამიტომაც რუსთავსა და გარდაბანში მეორე ტური გაიმართება.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური სპექტრი რიგ დარღვევებზე საუბრობს, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ოპოზიციურმა პარტიებმა მიღებულ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ მონაწილეობას არც მეორე ტურში მიიღებენ, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, მეორე ტური მაინცა ჩატარდება, რადგან მისი პროცედურულად გაუქმება არ არსებობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI