ვინ მოიპოვა რუსთავიდან დეპუტატის მანდატი

2020-11-03 14:26:46

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, საინტერესოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად, ვინ მიიღო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან, პროპორციული სიების მიხედვით, საპარლამენტო მანდატები.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შევიდოდნენ, საქართველოს მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, პროპორციული სიებით, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - დავით კირკიტაძე და პარტია "გირჩის" კანდიდატი - ვახტანგ მეგრელიშვილი ხვდებოდნენ.

დავით კირკიტაძე პარტიულ სიაში 26-ე ნომერია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი ამ მოწვევის პარლამენტში, ცესკო-ს შედეგების მიხედვით, 35 მანდატი მიიღო.

რაც შეეხება "გირჩს", პარტიამ 4 მანდატი მიიღო, რუსთავის მაჟორიტარი დეოპუტატობის კანდიდატი ვახტანგ მეგრელიშვილი კი პროპორციულ სიაში მე-3 ნომრად იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ „ევროპულმა საქართველომ” 34-კაციანი სია წარადგინა, თუმცა რიგითობა არ განუსაზღვრავს, ამიტომაც დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, ხვდებოდა თუ არა პარლამენტში ირმა ნადირაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული სიით, დეპუტატის მანდატი მოიპოვა რუსთაველმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, რომელიც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროპორციულ სიაში 45-ე ნომერია.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში ნინო ლაცაბიძე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის 108-ე ნომერია და ცესკო-ს შედეგების მიხედვით, ის აღნიშნული სიით პარლამენტში ვერ ხვდება.

შეგახსენებთ, #12 რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქი ერთ-ერთია, სადაც მეორე ტური გაიმართება, თუმცა ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებსა და ქვეყნის მასშტაბით მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები