გაიმართება თუ არა მეორე ტური რუსთავში

2020-11-03 11:19:58

8-ვე პარტია, რომელმაც 1%-იანი ზღვარი გადალახა და პარლამენტში შევიდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და როგორც საპარლამენტო მანდატებზე, ისე  მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

#12 რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქი ერთ-ერთია 16-დან, სადაც ცესკოს შედეგების მიხედვით, მეორე ტური უნდა გაიმართოს. ვინაიდან ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები, მათ შორის დავით კირკიტაძე, უარს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზე, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები რუსთავში?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, მეორე ტური პროცედურულად ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება. ამის შსახებ ჟვანიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"არ არსებობს კანდიდატის გაუქმების ოფიციალური პროცედურა. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, ოფიციალური შედეგების საფუძველზე, რომელიც მე-11 დღეს ოქმები მაჟორიტარულ ნაწილში შეჯამდება, აუცილებლად იქნებიან ბიულეტენში", — განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებენ და რიგგარეშ არჩევნებს ითხოვენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები