რატომ მიდიან ექიმები რუსთავის სასწრაფოდან.

2016-11-15 18:23:28

რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმების დეფიციტია.არის შემთხვევები როცა, ექიმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, 8 ეკიპაჟის ნაცვლად ცენტრში, 5 ეკიპაჟი მუშაობს. არის შემთხვევები როცა მისამართებზე გამოძახებების შესასრულებლად ეკიპაჟების მომსახურება საჭირო ხდება კოდიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან. რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმრების ხელმძღვანელი პაატა ბაჩილავა ექიმების სამსახურიდან წასვლის მიზეზად, დაბალ ანაზღაურებასა და გადატვირთულ გრაფიკს ასახელებს. მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი 12-მა ექიმმა დატოვა, რომლებიც სამუშაოდ მაღალი ანაზღაურებისა და ნაკლები დატვირთვის გამო თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში გადავიდნენ. ბაჩილავას თქმით მსგავსი სიტუაციაა, საქართველოს მასშტაბით,  დედაქალაქის გარდა სხვა ქალაქებშიც. რუსთავში მომუშავე ერთ ეკიპაჟს სტატისტიკურად, 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 30-მდე გამოძახების შესრულება უწევს. დღის განმავლობაში ცენტრში 150-მდე გამოძახება ფიქსირდება.

„ინფო რუსთავი“ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელს ამირან გოგიტიძეს, მისი განმარტებით, თანამშრომლების როგორც წასვლა ისე მიღება მუდმივი პროცესია და საჭიროების შემთხვევაში,კადრების შევსება კვალიფიციური ექიმებით ხდება. რუსთავში საკადრო შევსება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. სასწრაფოში ის ექიმები დასამქდებიან, რომლებიც ეროვნულ სასწავლო ცენტრში, გადაუდებელი დახმარების სპეციალური ტრენინგებს გადიან. გარდა ამისა მომდევნო წლიდან იგეგმება ხელფასების მატებაც.