სპეციალური განცხადება რუსთავის "ქართული ოცნების" ოფისში

2020-10-31 19:59:29

რუსთავში, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან სპეციალური განცხადება გაკეთდა. განცხადება პარტიის პროპორციული სიის 45-ე ნომერმა ალექსანდრე დალაქიშვილმა გააკეთა.

დალაქიშვილმა უარყო ენმ-ს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ოფისთან მმართველი გუნდის მიერ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობა. "ქართული ოცნების" პროპორციული სიის 45-ე ნომრის თქმით, პარტიას აქვს წინასწარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო გუნდი რუსთავში, პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას შეძლებს.

"წინასაარჩევნო კამპანია ჩვენმა გუნდა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩაატარა. კანონის სრული დაცვით. მთელი დღის განმავლობაში ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ და ვცდილობთ, რომ მშვიდი გარემო იყოს და ბოლომდე იქნება ასე, რათა მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავისუფლად გააკეთონ არჩევანი მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებული ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. მე არ ვიცი რა ჯგუფებზე საუბრობენ ისინი, მეგობარმა მანახა კადრები და არც ერთი რუსთაველი არ არის. პირიქით, მე კითხვა მაქვს აქეთ, ის ჯგუფები ვინ არიან, ვინც დადიან უბნებზე.

ნუ ეს გასაგებია, მათი ხელწერაა, ძალადობრივი, საკმაოდ დიდი უპირატესობა გვაქვს ჩვენს ოლქში და ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედის არანაირი პროვოკაციის მოწყობა. ეს მათი ხელწერაა, ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას, ჩვენს უპირატესობას დამაჯერებლად გამოვიყენებთ. ჩვენი მონაცემებით, პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება იქნება", - განაცხადა დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, დავით კირკიტაძის ოფისთან უცხო პირებმა პროვოკაციის ორგანიზება სცადეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები