სხვადასხვა პოლიტიკური პარიის ლიდერებმა ხმის მიცემა დილიდანვე დაიწყეს.
არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. ის ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.
„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე, პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვას. მე ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორად ამ მიმართულებას მისცემს ხმას.
მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის მომავალს, თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე N67 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე დღეს მისცემს ხმას, ანუ თავისუფლად, წყნარად, რამდენადაც შეიძლება. ამისთვის დიდი მადლობა, ახლა რაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესუაბროთ ასე წყნარად და ასე უნდა იყოს ყოველთვის, მე მგონი ამას მივეჩვევით. ეს იქნება ჩვენი ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ევროპული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ მოვიდეს, ძალიან მშვიდად მოვიდეს აქ. დაცული არის ყველა ზომები, რომ ყველამ შეძლოთ უბანზე მობრძანება და ხმის მიცემა, ნურაფრის ნუ გეშინიათ.
თქვენ თვითონაც დაიცავით დისტანცია, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობა არის, რომ დისტანცია დაცული იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება, მშვიდობიანად და მე გისურვებთ ხვალინდელ, ქართულ საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ჩვენი მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია არის დაცული. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველასთვის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
„თუ რომელიმე სუბიექტი, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რაიმე პროვოკაციას დაგეგმავს, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ასეთ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. ჩვენს ხალხს დაგროვილი აქვს სიბრძნე და გონიერება, რომ დღეს კიდევ ერთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ხმა უკვე მისცა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში, - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც მან აღნიშნა, შედეგების შესახებ პროგნოზებს არ აკეთებს, რადგან მთავარია, ყველამ დააფიქსიროს აზრი. ბაქრაძის თქმით, ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.
„მე პირადად ხმა მივეცი ქვეყანაში ცვლილებებს, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილებები, წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ყველა ერთად, ახალი ენერგიით და ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. ძალიან კარგია, რომ პანდემიის მიუხედავად ადამიანები აქტიურობენ და მოდიან. ყველას ესმის, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტია მათი მომავლისთვის. რაც ურო მეტი ადამიანი მოდის არჩევნებზე, მით უფრო არ აქვს შესაძლებლობა ხელისუფლებას არჩევნები გააყალბოს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, არარეალისტურია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი, რომ მმართველი პარტია 55%-60%-ს მიიღებს.
პირველ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. ის უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
„დღეს არის საქართველოში, ზუგდიდში არჩვევნები. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მე ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას და ხმა მივეცი იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული, წარმატებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ის განვითარების გზა, რომელზეც დგას. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, ადამიანთა წრე, ჯგუფი, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვასა და შეძლებს იმ დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც დღეს ზუგდიდში გვაქვს და ზუგდიდში მართლაც განახლების ეტაპი გვაქვს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანია ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
„წინასაარჩევნო კამპანია, გარემო ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.