ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.7%-ით გაიზარდა.
სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მატება ბენზინზე, ყველზე და სისხლძარღვთა გამაფართოებელ მედიკამენტებზე დაფიქსირდა.
თითოეული ამ პროდუქტის წვლილმა ინფლაციის მატებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია რეპეტიტორის მომსახურების გაიაფებამ.
წლიურ ჭრილში აღსანიშნავია, რომ სურსათის ინფლაციის შემცირების დინამიკა სექტემბერშიც გაგრძელდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. სექტემბრის 3.8%-იანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7% მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, პურზე, ვაშლსა და ხორცზე - 0.6%.
სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13.3 პროცენტით გაძვირებული სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.4%) და მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 42.3%-ით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2%) გამოსარჩევი.
სექტემბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, საწვავის გაიფებამ იმოქმედა, ბენზინმა, დიზელმა და გაზის საწვავმა ინფლაცია ჯამში 0.9%-ით შეამცირა.
წლიურმა საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 4.7%-მდე იკლო.